ქალბატონ ნატო კორსანტიას წიგნის: „ვინ გაყო ასე გაღმა-გამოღმად“ პრეზენტაცია ჩატარდა ქ. თბილისში

ქალბატონ ნატო კორსანტიას წიგნის: „ვინ გაყო ასე გაღმა-გამოღმად“  პრეზენტაცია ჩატარდა ქ. თბილისში

2024 წლის 22 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა ცნობილი ჟურნალისტისა და პუბლიცისტის, გიორგი შერვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატის ნატო კორსანტიას ახალი წიგნის "ვინ გაყო ასე, გაღმა-გამოღმად?" პრეზენტაცია (ესაა ავტორის მესამე წიგნი). გაღმა-გამოღმად გამიჯნული აფხაზეთი იქ დაბადებული ნატო კორსანტიას ტკივილია, მისი სათქმელის მთავარი თემაა. ამჯერადაც ესეების, ჩანახატებისა და დიალოგების ამ მეტად ღირებულ კრებულში (როგორც შეაფასეს გამომსვლელებმა), თავმოყრილია აფხაზეთის ომამდელი და ომის შემდგომი პუბლიკაციები. გურამ დოჩანაშვილთან, რეზო ინანიშვილთან, ანა კალანდაძესთან, ალექსანდრე კორსანტიასთან, ნინო რამიშვილთან, რეზო თაბუკაშვილთან, რეზო ჭეიშვილთან,ბესიკ ხარანაულთან, გელა კანდელაკთან, გიორგი ოვაშვილთან, დავით ჯანელიძესთან, ნუგზარ მგალობლიშვილთან, რუსკა ჟორჟოლიანთან, ამირან კუპრავასთან, ზვიად ბოლქვაძესთან, ლევან თოლორდავასთან, ვალერი ჩარგაზიასთან, ლერი ჭანტურიასთან, დავით სიხარულიძესთან... ავტორის დიალოგები, როგორც აღნიშნულია რედაქტორის წინასიტყვაობაში, გაღმა-გამოღმა ორივე ნაპირისთვისაა და ისინი ყოველგვარ მიჯნას არღვევენ.
საღამო გახსნა და შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა წიგნის რედაქტორი, პრეზენტაციის წამყვანი, ფილოლოგიის დოქტორი, ცნობილი პუბლიცისტი-იოსებ ჭუმბურიძე. მადლიერი მკითხველებითა და საპატიო სტუმრებით სავსე აუდიტორიას მიესალმნენ და ნატო კორსანტიას მაღალმხატვრულ ნაშრომზე ისაუბრეს საზოგადოებისათვის ცნობილმა პიროვნებებმა: ჟურნალისტიკის დოქტორმა, პუბლიცისტმა გიგლა გობეჩიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა ვახტანგ ყოლბაიამ და თამაზ ხუბუამ, ჟურნალისტმა და გამომცემელმა მანანა კარტოზიამ, ფილოლოგიის დოქტორმა და კრიტიკოსმა სალომე კაპანაძემ, ევროპაში მოღვაწე ქართველმა მწერალმა რუსკა ჟორჟოლიანმა, მხატვარმა ნუგზარ მგალობლიშვილმა, პოეტმა შალვა ბერიანიძემ, მწერალმა ბექა ქურხულმა, ჟურნალისტმა ია მაჭავარიანმა, მეექვსე საავტორო სკოლის დირექტორმა თუთა ნარმანიამ.
მანანა დოიჯაშვილის სახ. მუსიკალური სემინარიის მოსწავლეებმა შეასრულეს გრიგის სონატა.
ნაწყვეტი წიგნიდან, ჟიული შარტავასადმი მიძღვნილი ესე "დიდ ზვირთებთან" შეჭიდებული" წაიკითხა რატიანის სახ. სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრის წამყვანმა მსახიობმა ჯაბა ჯანაშიამ. საპრეზენტაციო დარბაზში გამოფენილი იყო ნუგზარ მგალობლიშვილის, ლერი ჭანტურიასა და ვალერი ჩარგაზიას ფერწერული ტილოები. ნატო კორსანტიამ, რომელიც პრეზენტაციის მსვლელობისას თავის რესპოდენტებთან დაკავშირებულ საინტერესო ეპიზოდებსაც ეხებოდა, საღამოს დასასრულს მადლობა გადაუხადა მობრძანებულ სტუმრებს; აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებულ "კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა"(რომელმაც უზრუნველყო წიგნის დაფინანსება. დირექტორი ლიკა კვარაცხელია) და, ასევე, სამინისტროს მთელ კოლექტივს. ნატო კორსანტიამ განსაკუთრებული მადლიერებით მოიხსენია წიგნის გარეკანის მხატვარი ამირან კუპრავა. როგორც აღნიშნა ერთ-ერთმა სტუმარმა, ჟურნალისტმა ნათია ჩუბინიძემ, ნატო კორსანტიას წიგნის პრეზენტაცია-ეს იყო სიყვარულითა და სითბოთი, მიმოზებისა და აფხაზეთის სურნელით გაჯერებული, ამ სადარბაზო სივრცისთვისაც გამორჩეული ულამაზესი საღამო.
ტექსტი: ნანა ჭანტურია
ფოტო: შუქრი დგებუაძე
 

გამოხმაურება

მშვენიერია და საჭიროა რასაც თქვენ აკეთებთ, გამოხატავთ თქვენ გულისტკივილს აფხაზეთთან დაკავშირებით. წიგნებს უშვებთ, პრეზენტაციას უკეთებთ, ძალიან დიდად ვაფასებთ ქალბატონ ნატო კორსანტიას და მის დაუღალავ შრომას აფხაზეთთან დაკავშირებით.
მაგრამ არის კიდევ მრავალი საკითხები, რომლებიც უკვე 30 წელია აქტუალურია აფხაზეთიდან დევნილთათვის ერთ-ერთი მათგანი ისაა, რომ საზღვარგარეთ ბევრმა ოჯახმა შეიკედლა, გაზარდა, განათლება მისცა ჩვენს დევნილთა ბავშვებს. ჩვენი მთავრობა კი ახლა უკვე გაზრდილებს სამშობლოში არ უშვებენ – „ქართული არ იცით, ისტორია არ იცითო“. ამ დროს თითქმის ნახევარმა საქართველომ არც ქართული იცის და არც საქართველოს ისტორია.
ამ საკითხს უნდა გარკვევა და დიდი რეზონანასი უნდა მიეცეს. ამისათვის აფხაზეთიდან დევნილებს ჰყავს თავისი მთავრობა, რომელიც უნდა არკვევდეს თუ რა მიზეზით არ აძლევენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილეთა და დაღუპულთა ოჯახებს და მათ შვილებს საქართველოს მოქალაქეობას.
ჩვენი მთავრობა არ იცავს ჩვენი ხალხის ინტერესებს. სრულფასოვნად არ მუშაობს აფხაზეთის ტელევიზია, ისე რომ სისტემატურად გადმოსცემდეს დევნილი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებას, მათ პრობლემებს, როგორც საქართველოში ისე მის გარეთ.
კიდევ ერთი საკითხი ჩანს, რომ პრეზენტაციაზე მხოლოდ ხანდაზმული ადამიანები ესწრებიან, არ არიან ახალგაზრდა თაობა ვისთვისაც იწერება ეს წიგნები. ხომ შეიძლება მოიყვანონ თავისი შვილები და შვილიშვილები? ეს აუცილებელია.
ბევრი გვაქვს კიდევ სათქმელი, მაგრამ ჯერ ამით დავკმაყოფილდეთ.
საქართველოს მთავრობის დამოკიდებულება, ე.წ. აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის მთავრობასთან დაკავშირებით უარყოფითია. თუნდაც ის ფაქტი, როდესაც დევნილებს და მათ შთამომავალთ გამოცდა უტარდება (ფაქტიურად კი დაკითხვა და გამოძიება). აფხაზეთის მთავრობას ერთი წარმომადგენელი მაინც უნდა ყავდეთ გამომცდელთა კომისიაში. მაგრამ აფხაზეთის მთავრობის მხრიდან ამ საკითხში აქტუალობას არ ვხედავთ.

საერთაშორისო ასოციაცია „გზა შინისაკენ“


გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ ჩვენს საიტზე რომ შეძლოთ კომენტარის დაწერა
შესვლა | რეგისტრაცია