აფხაზეთი

აფხაზეთი

„ისე, ადრე ჩემები გაგრაში ცხოვრობდნენ..“ იდენტობა, იგივე საკუთარი თავის იგივეობის განცდა, ძირეული კონსტრუქტია ფსიქოლოგიაში

„ისე, ადრე ჩემები გაგრაში ცხოვრობდნენ..“
იდენტობა, იგივე საკუთარი თავის იგივეობის განცდა, ძირეული
კონსტრუქტია ფსიქოლოგიაში, რაც ბუნებრივია, რადგანაც იგი ემოციური
განვითარებისა და სოციალური ქცევის ჩამოყალიბებისთვის
უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. ხშირად ადამიანები განსხვავებულ
სოციალურ ღირებულებებს, ნორმებსა და იდეებს ზედმიწევნით იღებენ და
აღიქვამენ, როგორც საკუთარს, რასაც ინტერნალიზაციის პროცესი მოიცავს.
ვიგოტსკისეული ცნების საშუალებით, შეგვიძლია უკეთ ავხსნათ
კულტურული გარემოს ზემოქმედება ადამიანის კოგნიტურ განვითარებაზე.
კერძოდ, ლევ ვიგოტსკი თვლიდა, რომ ბავშვის შემეცნებითი უნარები და
ემოციური მდგომარეობა ამ პროცესის განმავლობაში იმდენად ვითარდება,
რომ მას კონკრეტული კულტურისთვის დამახასიათებელი, მოცემულ
გარემოში მოთხოვნადი ფუნქციების შესრულება შეუძლია.
ამ პროცესებში ჩაღრმავებისა და ცნებათა გაანალიზების შემდეგ, ცხადი ხდება,
რომ, რიგ შემთხვევაში, პიროვნება ნაწილობრივ გაცნობიერებულად ან
თუნდაც ქვეცნობიერად, შეცდომით აიგივებს თავს ამა თუ იმ ტიპოლოგიურ
კატეგორიასთან, იქნება ეს სოციალური სტატუსი, ჯგუფი თუ კულტურა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ
პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ოფიციალური
მონაცემებით, 1994 წლიდან 2017 წლამდე 98 796 ბავშვი დაიბადა დევნილთა
სტატუსის მქონე ოჯახში, რომელთათვის (მიუხედავად იმისა, რომ კუთვნილი
დევნილის სტატუსი მიენიჭათ და გარკვეული დახმარებებიც მიიღეს), სრული
პარადიგმით სამყაროს შეცნობა და საკუთარი თავის პოვნა საკმაოდ რთულ
პროცესად იქცა. ფაქტი ფაქტად რჩება - უმრავლესობა მათგანი თავს
მემკვიდრეობით დევნილად მიიჩნევს და უჭირს საკუთარი იდენტობის პოვნა.
ახალგაზრდები წართმეული მიწის სიყვარულითა და მონატრებით
იზრდებიან, თუმცა პასუხის გაცემა კითხვაზე: “საიდან ხარ?“ ყოველთვის
უჭირთ, რადგან თავიანთი სახლი არასდროს უნახავთ და შესაბამისად,
საკუთარი თავის დევნილებად იდენტიფიცირებაც ეძნელებათ.
იძულებით გადაადგილებულ პირთა სამართლებრივი მდგომარეობა,
საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა და მათი პრობლემების
დაკმაყოფილება მუდმივად წარმოადგენს საზოგადოების ინტერესს, მით
უმეტეს, რომ დევნილების რაოდენობა სულ უფრო და უფრო მატულობს.
„რადიო თავისუფლების“ ცნობით, ბოლო ათ წელიწადში დევნილის სტატუსი
1360-მა სრულწლოვანმა ადამიანმა მიიღო, თუმცა იმ ბენეფიტების მიღმა,
რომელიც მინიჭებულ სტატუსს ახლავს თან, მძიმე და უმეტესად რთულად
ასატანი ემოციური ფონი დგას.
„ჯერ ყოველთვის ვამბობ,რომ თბილისიდან ვარ, მერე დავამატებ ხოლმე:ისე,
ადრე ჩემები გაგრაში ცხოვრობდნენ.. პერიოდულად ვყოყმანობ, ვერ ვიგებ,
პირველი რომელი უნდა ვთქვა..“
ნინი ჩორგოლაშვილი 18 წლისაა, რომელმაც აფხაზეთის შესახებ მშობლების
მონაყოლიდან და მონდომებით გადაქექილი არქივიდან იცის. საკუთარი
სახლი არასდროს უნახავს, თუმცა ყოველ ჯერზე გულაჩქარებული
წარმოიდგენს, როგორი განცდაა სოხუმის ბოტანიკურ ბაღში მეგობრებთან
ერთად სეირნობა, ციხერვას ხეობის სილამაზით ტკბობა ან გაგრის ზღვის
ტალღებში ლივლივი.
„დღეში 3-ჯერ მაინც განვიხილავთ ოჯახში ამ თემას. ბებია მიყვება თავის
მოგონებებზე და სიმწარეზე, მიყვება, რაც გამოიარა და უფრო მეტიც, ეს
ტკივილი დღემდე მოსდევს თან. მეც მონატრების და ტკივილის გრძნობა
მაქვს ყოველთვის, სხვაგვარად ვერ ვიქნები. ნებისმიერ ფოტოზე ან
სიმღერაზე, სადაც აფხაზეთია ნახსენები, ცრემლები მომდის, თითქოს მეც
გადატანილი მაქვს ეგ ყველაფერი, არადა, მხოლოდ მონაყოლიდან ვიცი. ჩემს
სახლში არცერთი დღე არ მიცხოვრია, მაგრამ ხშირად ვფიქრობ, რა იქნებოდა,
რომ მეცხოვრა, როგორი ვიქნებოდი..“
სიტყვა „იდენტობა“ ლათინური ფრაზიდან მოდის ("Idem et Idem“) და
განიმარტება, როგორც „ერთი და იგივე“, ტერმინი „იდენტიფიკაცია“ კი,
რომელიც ფსიქოანალიზის ფუძემდებელმა, ზიგმუნდ ფროიდმა შემოიღო,
იდენტიფიკაციის პროცესს თვითგანვითარების მთავარ მექანიზმად
მოიაზრებს. შესაბამისად, გაორებული იდენტობა, ყოყმანი კითხვაზე:“საიდან
ხარ?“ და გადმოცემით გაგებული, თუმცა გაუანალიზებელი ემოციები
პიროვნების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას სერიოზულ ზიანს აყენებს.
მაშასადამე, დევნილის სტატუსის ქონა მარტივი არ არის, განსაკუთრებით
ახალგაზრდა დევნილებისთვის, რომლებმაც სტატუსი მემკვიდრეობით
მიიღეს. ეს გრძნობა დაახლოებით ასეთია: თითქოს სახლიდან შორს არიან,
თუმცა სახლს თან დაატარებენ..

გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ ჩვენს საიტზე რომ შეძლოთ კომენტარის დაწერა
შესვლა | რეგისტრაცია