აფხაზეთის ომის ერთი პატარა ეპიზოდი

აფხაზეთის ომის ერთი პატარა ეპიზოდი

ომის გონივრულად წარმართვა უპირველესად სწორი და უშეცდომო სტრატეგიის შემუშავებაში და ჭკვიანი ტაქტიკური სვლების გაკეტებაში ვლინდება, რაც უპირველესად იმათი საკეთებელია, ვინც ომს ხელმძღვანელობს.

ომის გონივრულად წარმართვა უპირველესად სწორი და უშეცდომო სტრატეგიის შემუშავებაში და ჭკვიანი ტაქტიკური სვლების გაკეტებაში ვლინდება, რაც უპირველესად იმათი საკეთებელია, ვინც ომს ხელმძღვანელობს.

დღეს, ვფიქრობ ყველასავით ნათელია, რომ ჩვენ აქ სრული ფიასკო განვიცადეთ. რაც შეეხება სიმამაცეს, გარკვეულ მიზეზთა გამო, აქ ალბათ ერთგვარი პრობლემები ჩვენ ნამდვილად გვქონდა. მაგრამ სრული კატეგორიულობით უნდა ვთქვათ : არა იმ დონით, რომ საერთოდ ეჭვქვეშ დავაყენოთ მტერთან კვეთებაში ჩვენი ბოლომდე თავგანწირვისა და ამ მტრის (თუნდაც მოჭარბებულის) ძლევის უნარი. ათასი ჯურის გამყიდველისა (სამწუხაროს ისტორიულად არც ეს გვაკლდა ქართველებს) და შემოგზავნილის, ასევე მათი ფეხის ხმას აყოლილი სკეპტიკოსების გასაგონად და გულისგასახეთქად, თანაც ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას : ყველა სიავის მიუხედავად, სწორედ აფხაზეთის ომმა ნათელყო, რომ ქართულ ეროვნულ სულს ჯერაც არ დაუკარგავს ის საუკეთესო მხედრული თვისებები, რომელთა წყალობითაც ჩვენ ღირსეულად გავუძელით უმძიმესი ისტორიის სასტიკ ქარტეხილებს და არც მომავალში არ ვაპირებთ წელში გატეხვას. ეს ამ ომის სისხლიანი შეტაკებების იმ მრავალმა, დიდმა თუ მცირე ეპიზოდმაც დაადასტურა, რომელთაგან ერთ-ერთი ჩვენ ქვემოთ გვსურს გავიხსენოთ.

1993 წლის 16 სექტემბრის დილა თენდებოდა. მშვიდობიანი ცხოვრების სამზადისში ჩართულ სოხუმის მოსახლეობაში ელვის უსწრაფესად ელდისმომგვრელი ცნობა : აფსუა-აფხაზებმა მუხანათურად დაარღვიეს უკვე მეოთხე სამშვიდობო შეთანხმება და სოხუმს ყოველი მხრიდან , ყოველი გზიდან თუ ბილიკიდან შემოუტიეს.მეთაურმა რეზო ზარიამ და მოადგილე ალბერტ ჯანელიძემ სასწრაფოდ შეჰკრიბა უკვე ოჯახებში დაბრუნებული, „ქარქაშებში ხმალჩაგებული“ მებრძოლები.

იმავე დღეს, დაახლოებით 30-კაციანი ჯგუფი ავტომანქანა „კამაზით“ გავიდა სოფელ გვარდას მიმართულებით. სოფლის მისადგომებთან მათ შემოხვდათ ადგილობრივი მცხოვრებლების ჯგუფი, რომლებმაც აცნობეს რომ სოფელი ლინდავა აფსუა-აფხაზებისგანააო დაკავებული. სოფლელებმა ესეც ამცნეს რეზო ზარიას და მეომრებს, რომ - დაახლოებით ნახევარი საათის წინ ორი ახალგაზრდა ჭაბუკი, ლინდაველი გიორგი უგრეხელიძე და ზემო კელასურელი გოგი ჩაკვეტაძე გაემგზავრენო „ნივით“, ლინდავაში ჩარჩენილი გიორგის მშობლების ამბის გასაგებად. მათი გასვლიდან 15-დე წუთის შემდეგ ავტომატების გაბმულმა სროლის ხმამ ამოაღწიაო ლინდავას მხრიდან; აფსუა-აფხაზები ჩაცხრილავდნენო მანქანაში ბიჭებს - სწუხდნენ.

მოსმენილის შემდგომ, უფრო მეტი სიფრთხილით, უსაფრთხოების წესების მაქსიმალურად დაცვით, ჯგუფმა გააგრძელა გზა. გაიარეს სოფლის ცენტრი, გაჰყვნენ ლინდავასკენ მიმავალ შარაგზას. ჩამი-ჩუმი არ ისმოდა სოფელში. ჩანდა, რომ სახლები სულ ახალი მიტოვებულნი იყვნენ.ლინდავასკენ მიმავალ გზაზე დაცხრილულ „ნივას“ გადააწყდნენ. გიორგი უგრეხელიძე და გოგი ჩაკვეტაძე მანქანაში ჩაეცხრილათ აფსუა-აფხაზებს. დაღუპული ვაჟკაცები „კამაზზე“ გადმოასვენეს და მძღოლს თანამებრძოლი ნიკო მიქაძე გააყოლეს, სთხოვეს, რომ ზემო კელასურში გაესვენებინათ მიცვალებულები.

ამის შემდეგ ჯგუფის ძირითადი ნაწილი უკან მიბრუნდა, გვარდის (სოფელია) ცენტრში საბრძოლო პოზიციების დასაკავებლად. ადგილზე მეთაურის ბრძანებით დარჩა შვიდკაციანი ჯგუფი.

ჯგუფს ნაბრძანები ჰქონდა დალოდებოდა დაზვერვაზე წინ წასულ ორ თანამებრძოლს, რის შემდეგაც ისინი ძირითად ნაწილს უნდა შეერთებოდნენ - დაზვერვაზე იყვნენ ოცმეთაური ავთანდილ შარია და არტილერიის მეთაური ვიქრორ დიაჩენკო. ბიჭებმა არ იცოდნენ, რომ ამაო იყო მათი ლოდინი, რამეთუ მათ მოგვიანებით გაიგეს, რომ შარია დახვრიტეს, ხოლო დიაჩენკოს აფსუა-აფხაზთა რიგებში ბრძოლის ამბავიც შეიტყვეს, რითაც მუხანათი მტრის მიერ ჩვენს რიგებში თავიანთი აგენტურის წინასწარდანერგვისა და ღალატის კიდევ ერთი ფაქტი გახდა მათთვის საცნაური.

უკვე ღამდებოდა. ბიჭები როგორღაც მიეწყვნენ გზის ორივე მხარეს და ასე ჩასაფრებულებმა, მოყვრის თუ მტრის მოლოდინში გაატარეს ძვალში და რბილში გამტანი ცივი ღამე.

დილით, როცა უკვე კარგად გათენდა, ჯგუფმა ადგილმდებარეობა დაათვალიერა. გზა მთის ფერდზე გადადიოდა, ერთ მხარეს აღმართით, ხოლო მეორე მხარეს დაღმართით. ერთ ადგილას, აღმართიანი მხრიდან, გზიდან ხუთიოდე მეტრის მოცილებით მცირე მოსწორებულ ადგილზე ვიღაც დალოცვილს (როგორც შემდგომ შეიტყვეს სოფლის მკვიდრ გვარად საჯაიას) ბრტყელი ქვებისაგან თითქმის ორი მეტრი სიგრძისა და ერთი მეტრი სიმაღლის ყორე აეგო. გზის მეორე მხარეს, ასე 10-15 მეტრის უკან მცირე სანგარი იყო ამოთხრილი. სახელდახელო საფრის მოსაწყობად კაცი უკეთესს ვერც ინატრებდა და ჯგუფი სასწრაფოდ განაწილდა შერჩეულ პოზიციებზე. ყორის უკანა ნაწილი მიხეილმა და კიაზომ დაიკავეს. მათ უკან, ბუნებრივ ჩაღრმავებაში ომარი და ვიტალი მოთავსდნენ, ხოლო გზის მეორე მხარეს სანგარში ტიმკა (კიაზოს ვაჟი), სოსო და დავითი. ასე მოწყობილი საფრებიდან ჯგუფი აკონტროლებდა გზის 70-80 მეტრიან მონაკვეთს, რომელიც შემდგომ მკვეთრად დაღმართში გადადიოდა.

ჯგუფის მეთაუტმა მიხეილმა (მიშამ) საათს დახედა. უკვე დილის 10 საათი იყო. სოფელ ლინდავიდან მძიმე ტექნიკის გამაყრუებელი ხმები და აფსუა-აფხაზთა შეძახილები ისმოდა.  ჯგუფი ადგილიდან არ იძროდა და დაძაბული მოლოდინით გაჰყურებდა ლინდავიდან ამომავალ გზის მონაკვეთს.

ლოდინი დიდხანს არ დაჭირვებიათ. წინიდან ჯერ ყრუ ხმები მოისმა, შემდეგ კი ნელა მომავალი ჯავშანტრანსპორტიორი გამოჩნდა, რომელსაც უკან მტრის ოცდაათამდე შეიარაღებული მეომარი მოჰყვებოდა. ამ ოცდაათკაციან ჯგუფს  7-8 მეტრის დაცილებით უკან მოჰყვებოდა გზის მთელ სიფართეზე გაშლილი ათიოდე კაცი. მათ უკან კი ყოველი 3-4 მეტრის დაშორებით  კიდევ და კიდევ ჩნდებოდნენ მტრის ახალი და ახალი ჯგუფები (კბილებამდე შეიარაღებული, ბრონეჟილეტებში გამოწყობილი, კარგად გაწვრთნილი 120-130 მებრძოლი). ბოლოს, როცა მტრის კოლონამ მთლიანად ამოათავა აღმართი, აღმოჩნდა 7 მებრძოლის წინაშე, რომელთაც ჰქონდათ ავტომატები, ერთი ყუმბარმტყორცნი და ორი ხელის ტყვიამფრქვევი.

მტრის გაწვრთნილობაზე უკვე მათი სვლა მიგანიშნებდა მიუხედავად იმისა. რომ ამ ადგილებში მოწინააღმდეგესთან შეხვედრას ისინი აშკარად არ ელოდნენ, რაზეც ჯავშანმანქანაზე უდარდელად შემოწყობილი ყუმბარმტყორცნის ჭურვების შეკვრაც მეტყველებდა, ისინი უსაფრთხოების წესების დაცვით მოყვებოდნენ აღმართს. მტრის მებრძოლები ავტომატების ცეცხლით სისტემატურად ცხრილავდნენ გზებს, ყველა იმ ადგილს, სადაც მოწინააღმდეგე შეიძლებოდა ყოფილიყო ჩასაფრებული.

სროლები იმდენად ინტენსიურად სწარმოებდა, რომ ჩვენი ბიჭებისათვის საფრებიდან თავის მცირე წამოწევაც კი სახიფათო იყო. მიუხედავად ამისა თვითეული მათგანი მუდმივად აკონტროლებდა მტრის მოძრაობას.

ყორეს ამოფარებულმა მიშამ და კიაზომ მოილაპარაკეს, რაც შეიძლება ახლოს მიეშვათ მტერი. მაგარი იყო ბიჭებისათვის, განსაკუთრებით სანგარში ჩასაფრებული ახალგაზრდებისათვის არ ემტყუნათ ნერვებს, მოუმზადებელი ცეცხლით დროზე ადრე არ გაეცათ საკუთარი თავი. ბიჭებმა ნერვების ამ წარმოუდგენელ დაძაბვას გაუძლეს და კიაზოს ყუმბარმტყორცნის გავარდნაზე თავი არავის გაუცია. ეს კი მაშინ მოხდა, როდესაც ყორეს უკან ამოფარებულმა კიაზომ უკვე 8-10 მეტრზე მოახლოებულ „ბმპ“-ს ყუმბარმტყორცნით დაახალა. იმავე წამს, თითქოს წინასწარ შეთანხმებით, მეორე სანგრიდან ტიმკამ „აგნემიოტით“ ესროლა ფოლადის ურჩხულს. „ბმპ“-მ ერთი ორჯერ „ამოიოხრა“, სამიოდე „სასიკვდილო ნახტომი“ გააკეთა და ალმოდებული ადგილზე გაქვავდა. ჩვენი ბიჭებისათვის ეს შეტყუების მშვენიერი დასაწყისი იყო. ჯავშანმანქანას რომ ცეცხლი არ გასჩენოდა, მას მტერი საფრად გამოიყენებდა და მათ გაწვრთნილობასა და რიცხვობრივ უპირატესობასაც თუ მივიღებთ მხედველობაში, მათი დამარცხება ძალზედ გაჭირდებოდა. ახლა კი საფრის გარეშე დარჩენილი მტერი იოლი მოსაგერიებელი იყო. მთავარი იყო მისთვის გონს მოსვლა არ ეცლიათ. კიაზომ არ დააყოვნა და საფრიდან ესროლა მტრის რიგებს ყუმბარმტყორცნით ე.წ. „ასკოლოჩნი“. მიშამ ზედიზედ რამდენიმე ყუმბარა ესროლა;  მათ ოდნავ უკან ჩასაფრებული ომარ მარღანია და ვიტალი წულაია გააფრთებით უშენდნენ მტერს ავტომატებიდან. უფროსებს არც გზის მეორე მხარეს ჩასაფრებული ახალგაზრდები ჩამორჩებოდნენ. სანგარში ჩამალული პირტიტველა მეომრის ორი ავტომატი და ტიმკას ტყვიამფრქვევი შეუჩერებლად ცხრილავდა მტრის რიგებს. რაც მთავარია ახალგაზრდების ინტენსიური სროლა მტერს საშუალებას არ აძლევდა გზის მეორე მხარეს გადასულიყვნენ და ტყისთვის შეეფარებინათ თავი, საიდანაც მათ უკვე კონტრშეტევისა და დიდი ზარალის მოყენების შანსი ექნებოდათ.

ჯავშანმანქანა ადგილზე იყო გაქვავებული. იქიდან მხოლოდ მტრის ერთი მეომარი გადმოხტა, რაც იმავე წამს სიცოცხლის ფასად დაუჯდა. ამის შემდეგ ცეცხლმოდებული მანქანიდან გადმოსვლა უკვე ვერავინ გაბედა.

ასეთი გრიგალისებყრი ცეცხლი გაგრძელდა  დაახლოებით 12-15 წუთი. ამასობაში მტერიც თანდათან მოეგო გონს და გზის ორივე მხარესე შეძლო მიმალვა და თავის შეფარება. გაშლილ შარაზე დარჩა მხოლოდ უწესრიგოდ მიმოფანტული მტრის დაჭრილ-დახოცილი მეომრები.

ამასობაში ჩვენს ბიჭებს ტყვია-წამალი გამოელიათ, ადგილზე დარჩენაც უკვე სახიფათო იყო. „შვიდეულზე“ ბარე ათგზის მრავალრიცხოვანი მტერი გონზე მოვიდოდა, არეულ რიგებს დააწყობდა, შეტევაზე გადმოვიდოდა და ჩვენი ტყვია-წამლის გარეშე დარჩენილი მეომრები განწირულები აღმოჩნდებოდნენ. მეთაურმაც არ დააყოვნა, მან და კიაზომ ომარისა და ვიტალის გადასძახეს, გზის მე-2 მხარეს ჩასაფრებულ ახალგაზრდებსაც მისცეს უკანდახევის ნიშანი და ჯგუფი სასწრაფოდ გასცილდა საბრძოლო პოზიციებს, თან დროულადაც - ცეცხლის ადგილიდან 50-60 მეტრით იქნებოდნენ დაშორებულნი, როცა სამმა უძლიერესმა აფეთქების ხმამ გააყრუა იქაურობა. ეს ჯავშან მანქანაზე შემოწყობილი ყუმბარმტყორცნის ჭურვების აფეთქებამ ასტყორცნა მაღლა ფოლადის მონსტრის ნამსხვრევები.

ერთი კვირის შემდეგ ჩვენმა მებრძოლებმა დაიჭირა აფსუა-აფხაზების მიერ შემოგზავნილი ერის მოღალატე. გუდაუთაში მცხოვრები ქართველი, რომელიც თავს ლინდავაში მცხოვრებ უგრეხელიძედ ასაღებდა თავს. მისგან გაიგეს ჩვენმა მებრძოლებმა, რომ ზემოთაღწერილ შეტაკებაში მძიმედ დაიჭრა და დაიღუბა 30-მდე მტრის ჯარისკაცი, აქედან რამოდენიმე „ბნპ“-ში ჩაიწვა. ასეთი იყო აფსუა-აფხაზების დანაკარგი ამ შეტაკებაში. ჩვენს მხარეს დანაკარგი საერთოდ არ ჰქონდა, თუ არ ჩავთვლით კიაზოს მიერ ფეხში მიღებულ მსუბუქ ჭრილობას, რომელიც ყორე დაწყობილ ქვებში გამომძვრალმა ტყვიამ მიაყენა.

როგორც შემდგომ აღმოჩნდა, ამ შეტაკებაში შვიდი ქართველი მამულიშვილის მიერ გამოჩენილ გმირობას და რუს და აფსუა-აფხაზთა კარგად გაწვრთნილი, შეიარაღებული და საკმაოდ მსხვილი დაჯგუფების დამარცხებას და უკუგდებას ჰქონდა უდიდესი მნიშვნელობა სოხუმის ქართველ-აფხაზთა მთელი მოსახლეობის შემდგომი ბედისათვის. მათი დამარცხება და უკუგდება გვარდაშივე რომ არ მომხდარიყო, მათი შემჩერებელი შეიარაღებული ძალა გვარდის შემდგომ გზაზე უბრალოდ არ არსებობდა. მტრის დაჯგუფება ტურბაზის მხრიდან, გაშლილ ადგილას, იმავე დღეს შეძლებდა ზღვაზე გასვლას, რითაც სოხუმი ფაქტიურად უკვე 17 სექტემბერს აღმოჩნდებოდა მტრის სრულ გარემოცვაში. ამით კი ცხადია ის გზაც გადაიკეტებოდა, რომლითაც შემდგომ დღეებში ათი-ათასობით სოხუმელმა შესძლო ალმოდებული ქალაქიდან თავის დაღწევა.

ყოველივე ის, რაც ახლა გიამბეთ, მოსაყოლად ალბათ ძალზედ იოლია, მაგრამ გასაკეთებლადაა ძალზე ძნელი. წარბიც არ შეიხარეს და შვიდად-შვიდი კაცი ვაჯკაცურად დახვდნენ შენზე მოსულ 14-15-ჯერ მრავალრიცხოვან და შენზე მრავლგზით უკეთ აღჭურვილ მტერს - ეს უკვე თავისთავადაა დიდი გმირობა, და ამ შვიდეულის ძლიერი და უტეხი სულის ნათელი დასტური, ხოლო ამ ბრძოლიდან გამარჯვებითა და უდანაკარგოდ გამოსვლა ალბათ ათგზის გმირობად და იმის დასტურადაც უნდა ჩაითვალოს, რომ საქართველოში არ გადაშენებულან და არც გადაშენდებიან მამულიშვილები, რომელთაც არა მხოლოდ ძლიერი სული აქვთ, არამედ ძლიერი ომიც იციან !

ღმერთმა ამრავლოს მათი რიცხვი.

და თუ სატანის მრავალფეროვან საცთურებსაც გაუძლო - ამრავლებს კიდეც.

ოღონდ ღმერთს უნდა შევსთხოვოთ ყოველმან ქართველმან - ღმერთო მაღალო მოგვმატე ნიჭი და გვაპოვნინე გზა ჭეშმარიტი - გზა- ჩვენი დანაკარგის ისე დაბრუნებისა, რომ არასდროს გავხდეთ იძულებულნი საქმეში გამოვიყენოთ ძლიერი ომის ჩვენი ნიჭი და უნარი.

მერწმუნეთ, ამ თხოვნაში და ვედრებაში ერთ-ერთი პირველნი ის ვაჟკაცები არიან,  რომელთა ომის ერთ პატარა ეპიზოდზეც ზემოთ გიამბეთ.

 

მიხეილ კოპალიანი

ასოციაცია „გზა შინისკენ“ საპატიო პრეზიდენტი, გორგასლის ორდენის კავალერი


გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ ჩვენს საიტზე რომ შეძლოთ კომენტარის დაწერა
შესვლა | რეგისტრაცია